ქართული ღვინის ისტორია

მეღვინეობის ქრონიკები

აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ცნობილია ცამდე აზიდული მთებით, უძველესი მონასტრებითა და თვალწარმტაცი ბუნებით, თუმცა იგი ამავდროულად უხსოვარი დროიდან გვიყვება ღვინის ისტორიას. დღეს უკვე ცნობილი როგორც „ღვინის სამშობლო“ - ქართული მეღვინეობის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. არქეოლოგიური მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველო იყო პირველი რეგიონი სადაც მოყავდათ ყურძენი და მისგან ამზადებდნენ ღვინოს 8000 წლის წინ. ღვინის მემკვიდრეობა არ არის უბრალოდ რელიქვია წარსულიდან, ეს არის ცოცხალი ტრადიცია, რომელიც შეგიძლიათ შეიგრძნოთ საქართველოში წარმოებული ღვინის დაგემოვნებით. გვინდა მოგიყვეთ ამბავი ღვინის დაყენების შესახებ, უნიკალური ქვევრის მეთოდით დაწყებული და ქართულ კულტურაში ღვინის საკრარული მნიშვნელობით დამთავრებული, რომელიც აღწერს მოწიწებას, ტრადიციას და კავშირს ქართველსა და ღვინოს შორის. გამოგვყევით, ერთად ვიმოგზაუროთ ისტორიის კვალდაკვალ და გავეცნოთ მეღვინეობის განვითარებას და მის გავლენას ღვინის სამყაროზე.  

ღვინის სამშობლო - რატო?

საქართველოს ღვინისადმი პატივისცემა არ არის წარმავალი კულტურული მოვლენა, არამედ ღრმა ფესვგადგმული მემკვიდრეობა, რომელიც სათავეს ნეოლითის ეპოქიდან იღებს. კავკასიონის მთებსა და შავ ზღვას შორის არსებული მიწები ჩურჩულით მოგვითხრობს ისტორიებს მეღვინეობაში კაცობრიობის პირველი ნაბიჯების შესახებ.

თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში გადაჭრილი გორის გათხრების დროს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტზე აღმოაჩინეს ღვინის მჟავის ნაკვალევი. აღნიშნული არტეფაქტი არის მტკიცებულება, რომ რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წელს, ამ რეგიონის მკვიდრნი არა მხოლოდ მოიხმარდნენ ველურ ყურძენს, არამედ მისგან ამზადებდნენ ღვინოს.

ღვინო ქართველებისთვის არ არის ნეოლითური ხანის სასოფლო-სამეურნეო მიღწევის მტკიცებულება, იგი გადაჯაჭვულია ქართველის სოციალურ და სულიერ სამყაროსთან, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. მისი ფართო გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არაერთი არექოლოგიური გათხრებით დასტურდება, რაც უფრო მეტად ამყარებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს სტატუსს.


ქვემოთ მოცემული არქეოლოგიური აღმოჩენების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს საქართველოში მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიას:

  • ხრამის დიდი გორის არქეოლოგიური კვლევისას აღმოაჩინეს უძველესი თიხის ჭურჭელი რომელიც ითვლება ქვევრის წინამორბედად. ამჟამად იგი დაცულია ეროვნულ მუზეუმში და ითვლება მსოფლიოში უძველს ღვინის ჭურჭლად. იგი თარიღდება ჩველი წელთაღრიცხვის VI-V ათასწლეულით (8000 წლით ადრე).
  • თანამედროვე არქეოლოგიურმა თუ არქეობოტანიკურმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველო ველური ვაზის მოშენებისა და გაკულტურების მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კერაა. ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწის აღმოჩენა, რომელიც მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს.
  • ნეოლითის ხანიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი საღვინე ჭურჭელი. ეს აღმოჩენები კიდევ უფრო ამყარებს ქართველების ვაზის მოყვანისა და ღვინის წარმოების უწყვეტ ტრადიციას. საღვინე ჭურჭლის აღმოჩენების ქრონოლოგიური პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
  • ქსენოფონტე (ძვ.წ.V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო „სურნელოვანი და საამო” იყო.
  • სტრაბონის (ძვ.წ.I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლო.
  • პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: „მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”.

ისტორიის კვალდაკვალ

IV საუკუნიდან ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ღვინო და ვენახი განსაკუთრებულ როლს იძენს. ღვინოს უკვე რელიგიურ რიტუალებშიც იყენებს, რაც მის მნიშვნელობას და გამოყენებას ზრდის. საუკუნეების კვალდაკვალ მეღვინეობა ქვეყნის კეთილდღეობის პარალელურად ვითარდება და სულ უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება. X-XIII საუკუნეები გამორჩეული პერიოდია მეღვინეობისთვის. ამ პერიოდში შენდება მრავალი მარანი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. გვაქვს წერილობითი ცნობები, ნივთები თუ არაერთი გამოსახულება, რომლებიც მევენახეობისა და მეღვინეობის მაღალ დონეზე მეტყველებს.

საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილი არის ისტორია მისი გადარჩენისთვის ბრძოლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კულტურითა და ტრადიციებით სავსე მიწაა, მას მრავალი შემოსევა აქვს გადატანილი. თურქი დამპყრობლების შემოსევიდან დაწყებული მონღოლთა თავდასხმებამდე და მოგვიანებით რუსეთის ოკუპაციამდე, თითოეულ პერიოდს თავისი გამოწვევები მოჰყვა. თითოეული დაპმყრობელი ცდილობა შეეცვალა ქართული თვითმყოფადობა და კულტურა, რაც თავის თავში მეღვინეობასაც გულისხმობს.

ყველა უბედურების მიუხედავად, ქართული სული ურყევი რჩებოდა. რაოდენ მკაცრიც არ უნდა ყოფილიყო რეალობა, მეღვინეობა განაგძობდა არსებობას და განიცდიდა ტრანსფორმაციას. თაობიდან თაობას გადაეცემოდა ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილი ღვინის ქვევრში დაყენების ცოდნა, გამოცდილება და ღვინის დამზადებასთან დაკავშირებული ტრადიციები.

მეღვინეობის აღორძინება

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქართული მეღვინეობის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის. თავისუფლების სიომ მეღვინეობის სურვილი უფრო გააღვივა და სულ რამდენიმე წელიწადში იწყება ახალი საწარმოების შექმნის პროცესი.

მეღვინეობის გამოღვიძება არა მხოლოდ ძველი ტრადიციების აღორძინებას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობის უძველესი პრაქტიკა კვლავაც რჩებოდა საქართველოს იდენტობის ნაწილი, ქართველი მეღვინეები აქტიურად დაინტერესდნენ ევროპული მეთოდოლოგიებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამოირჩევა ბრწყინვალე ისტორიითა და მეღვინეობის ათასწლეულების გამოცდილებით, იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ყურადღების ცენტრის მიღმა ღვინის გლობალურ სცენაზე. გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ქართველები ღვინოს 8000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ აღმოჩენამ საერთაშორისო ინტრიგა და მღელვარება გამოიწვია.

პროცესი დაგვირგვინდა 2013 წლის დეკემბერში როდესაც იუნესკოს ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ეს იყო ქართული მეღვინეობის აღიარება, რითაც ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავა ღვინის საერთაშორისო სცენაზე, როგორც ღვინის სამშობლომ.

უფრო ვრცლად UNESCO-ს გადაწყვეტილების შესახებ

2013 წელი ქართული მეღვინეობისთვის დიდი აღიარების მომტანი იყო: UNESCO-მ ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა (გადაწყვეტილება 8.COM 8.13). აღიარება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩანაწერი სიაში; ეს საქართველოს მეღვინეობის უძველესი ხელოვნების გლობალური მნიშვნელობისა და უნიკალურობის დასტურია.

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივა მიზნად ისახავს პრაქტიკის, ტრადიციების, ცოდნისა და უნარების დაცვას და აღნიშვნას, რომლებსაც საზოგადოებები, ჯგუფები და ინდივიდები აღიარებენ, როგორც მათი კულტურული მემკვიდრეობის არსებით ნაწილს. ქვევრის მეთოდის აღიარება არა მხოლოდ მისი ისტორიული მნიშვნელობის მინიშნებაა, არამედ იმ როლის აღიარებაცაა, რომელსაც ღვინო თამაშობს საქართველო თანამედროვე კულტურაში, სოციალური წეს-ჩვეულებების ფორმირებაში, საერთო დღესასწაულებსა და სულიერ პრაქტიკაშიც კი.

აღიარება მოიცავს პროცესს, რომელიც იწყება ადგილობრივი თიხისგან ქვევრის დამზადებით და გვირგვინდება ახალი ღვინის გახსნის სადღესასწაულო სუფრით. ღვინის მოყვანის ჯგუფური ხასიათი - როდესაც ღვინის დაყენების ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა, როდესაც მეზობლები იკრიბებიან, რათა ერთმანეთს დაეხმარონ ყურძნის დაბინავებასა და ღვინის დაწურვაში, როდესაც ღვინო წარმოადგენს შეკრების ძირითად მიზეზს, UNESCO-მ ფასდაუდებლად მიიჩნია.

ამ საერთაშორისო აღიარებამ გააძლიერა საქართველოს რეპუტაცია გლობალური ღვინის ასპარეზზე, მიიპყრო მცოდნეების, ისტორიკოსების და ტურისტების ყურადღება, რომლებსაც სურთ უშუალოდ განიცადონ ქვევრის ღვინის მაგია. ვინაიდან საქართველო ამაყობს თავისი მდიდარი წარსულით, იუნესკოს აღიარება უზრუნველყოფს, რომ ქვევრის ტრადიცია ცოცხალი და აღსანიშნავი იყოს არა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებში, არამედ მთელს მსოფლიოში.