Okureshuli
Usakhelauri
ჰავა უნიკალურია, რადგან ზონა ერთგვარ ქვაბულშია მოქცეული, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია კლდოვანი ქედებით. ხასიათდება ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. ოყურეშის ზონა დაცულია ჩრდილოეთიდან ასხის, ხვამლის და თავშავის მთებით, ამიტომ მისი ჰავა უფრო იმერეთისას წააგავს. აქ ნალექიც მეტია, განსხვავებით ტვიში-ალპანის ზონისგან. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 1900–2000 საათია. ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურაა 14,2°C. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა მიკროზონაში 181 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3500-დან – 3700°C-ს აღწევს. მოსული ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1095 მმ-ს უდრის.
ნიადაგი თიხნარი და ხირხატიანი ნეშომპალა-კარბონატულია. ზუბის ნიადაგებს ადგილობრივები „შავი-მიწას“ უწოდებდნენ XIX საუკუნეში. აქ ასევე გვხვდება ღია ფერის თიხნარიც. მაშინდელი სპექციალისტები, რომლებიც საფილოქსერო საზოგადოების სახელით იკვლევდნენ რეგიონს (მაგ. ა.ა. იაკოვლევი) ოყურეშის ნიადაგზე წერდნენ, რომ აქ ძირითადად წითელი თიხნარია, მდიდარი ორგანული შემადგენლობით. სხვათა შორის ამ მიწასაც „შავი-მიწას“ უწოდებენ, რომელიც კირქვიანია და საუკეთესოდ ითვლება უსახელოურისთვის. ტრადიციულად ორგანული სასუქით ამდიდრებდნენ ნიადაგებს უსახელოურის ვაზის მოსაყვანად, ყველაზე სახარბიელო სიტუაცია სასუქის თვალსაზრისით ზუბისა და ოყურეშის თემში ყოფილა, რადგან ტყისა და საძოვრების სიახლოვე საშუალებას იძლეოდა საკმაო რაოდენობით საქონელი ჰყოლოდა მოსახლეობას და შესაბამისად, სასუქიც ბევრი იყო.
უსახელოურზე არაერთი ქართველი და უცხოელი ავტორი წერს. მაგ. სოლომონ ჩოლოყაშვილი „მევენახეობის სახელმძღვანელოს“ მეორე წიგნში (1939), რომელიც ამპელოგრაფიას ეთმობოდა, ჯიშის დეტალურ აღწერას გვთავაზოსბ და ბოლოს მის წარმოშობაზეც წერს: „გადმოგვცემენ, რომ ჯიში უსახელოური შორეულ წარსულში შემოტანილი იყო სოფელ უსახელოურიდან (ლეჩხუმი) , მაგრამ ამ სოფელში ექსპედიციის დროს უსახელოურის ერთი ვაზიც კი არ აღმოჩნდა. უნდა ვიფიქროთ, რომ უსახელოური ადგილობრივი ჯიში არ არის; ამ მოსაზრებას იმით ვასაბუთებთ, რომ ადგილობრივი ჯიშების ფოთლები შებუსვით ხასაითდებიან, მაშინ, როდესაც უსახელოურის ფოთლები სრულიად გლუვია“. 1960 წლის ამპელოგრაფიაში ნაკლებად კატეგორიულები არიან ავტორები (კეცხოველი, რამიშვილი, ტაბიძე) და ამბობენ, „რომ საერთოდ, სუსტად შებუსვილი და სრულიად უბუსუსო ფოთლიანი ვაზის ჯიშები დასავლეთ საქართველოში მცირედ არის წარმოდგენილი“, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ლეჩხუმურ ჯიშად ჯიშად მიიჩნევენ უსახელოურს, ხაზს უსვამენ გარეულ ვაზებთან მის მსგავსებას და აღნიშნავენ, რომ იგი არც ისე შორეულ წარსულში უშუალოდ ტყიდან უნდა შემოეტანათ. ამავე წიგნიდან ვგებულობთ, რომ 1953 წელს უსახელოური 54 ჰექტარზე იყო გაშენებული საქართველოში.
1892 წელს ოყურეშის თემში 527 ქცევა ვენახი იყო გაშენებული (ქცევა 3 600 კვ. მეტრს უდრის), ზუბის თემში კი 200 ქცევა ვენახი იყო გაშენებული. ოყურეშში ამ წელს 25 493 ფუთი ყურძენი მოუყვანიათ (როგორც ჩანს ძალზე ნაყოფიერი წელი ყოფილა, რადგან წინა, 1891 წელს აქ 11 160 ფუთი ყურძენი აუღიათ.
გვაქვს ცნობები სხვა ჯიშების შესახებაც. თეთრებიდან ძირითადად ოკრიბის მწვანე იყო გავრცელებული, თუმცა მაგ. ზუბის თემში მის გარდა გაშენებული ყოფილა გაბაშა, ცხერო და ცარცხია (царцхия) და განსხვავებით ლეჩხუმის სხვა რაიონებიდან (ორბელი, ლაილაში და ა.შ.), სადაც ძირითადად მაღლარზე იყო ვაზი გაშენებული, ზუბსა და ოყურეშში და მის მეზობელ სოფლებშ 95% დაბლარი ყოფილა, რადგან ეს ჯიში მხოლოდ დაბლარად გაშენების შემთხვევაში იძლეოდა ხარისხიან და უხვ მოსავალს. ეს დაბლარი არ იყო ისეთი, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ თანამედროვე მევენახეობაში, არამედ გარკვეული თავისებურებები ახასიათებდა, თუმცა მასზე არც ოლიხნარი ითქმოდა (როგორი ვენახებიც, მაგ. ჩხუტელში იყო გავრცელებული) არამედ რაღაც შუალედური და გარდამავალი ფორმა იყო, ოლიხნარიდან დაბლარზე გარდამავალი. ამ ფორმას ხალახინს უწოდებდნენ (რუსი ავტორი შეცდომით წერს халахани-ს), დიდი ზომის ჭიგოს. ამ სიტყვის სინონიმებად ვუკოლ ბერიძეს თავის „იმერულ და რაჭულ თქმათა სიტყვის კონაში“ მოჰყავს: დიდი ჭოგრი, ხალა, ხალხა, ხოლი. სხვლა და ფორმირება ამ დაბლარებზე დაახლოებით ისეთივეა, როგორც იმერეთში, უბრალოდ ლეჩხუმური შედარებით მაღალია, 2 არშინი (დაახლ. 1.5 მეტრი).
საინტერესოა, რომ ზუბი, ოყურეში და სხვა სოფლები, სადაც უსახელოური მოჰყავდათ, მოწინავეები იყვნენ სოკოვანი დაავადებების და ფილოქსერას წინააღმდეგ ბრძოლაშიც. საქმე ისაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ლეჩხუმში ფეხს ითრევდნენ ჭრაქის და ნაცრის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისთ და პირველები სწორედ ოყურეშის და ზუბის თემის მოსახლეობა იყო, რადგან მათი ძვირფასი მოსავალი ზიანდებოდა.
უკანასკნელი 100 წლის მანძლზე ლეჩხუმში ფართოდ გავრცელდა იმერული ჯიში ცოლიკოური, იმდენად, რომ ძალიან მალე მაღალხარისხიანი სუფრის და ადგილწარმოშობის დასახელების (ტვიში) ღვინოების წარმოება დაიწყეს. ბრწყინვალე ქვევრის თუ კლასიკური თეთრი მშრალი და თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო იწარმოება ცოლიკოურიდან ოყურეშის ზონაშიც.
დღესდღეობით ოყურეშის უსახელოური საქართველოს ყველაზე ძვირფასი ღვინოა, ნაზი და დახვეწილი, მდიდრული არომატითა და თვალისმომჭრელი ლალისფერით. ნახევრადტკბილად დაყენების ტრადიცია უფრო საბჭოთა პერიოდს უკავშირდება, თუმცა მანამდეც გვხვდებოდა ასეთი ღვინო. იგი „მანდარიას ღვინის“ სახელით იყო ცნობილი და დასავლეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე ძვირი ღირდა.
უსახელოურის რთველი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იწყებოდა. გოდორს ხოკს უწოდებდნენ რომელსაც ცაცხვის ლაფნისგან წნავდნენ. უსახელოური დაბალმოსავლიანი ჯიშია, ამიტომ დღევანდელი გათვლებით ჰექტარზე დაახლ. 2-4 ტონა ყურძენი მოდიოდა. გამოსავლიანობაც არა აქვს მაღალი უსახელოურს, რაც განაპირობებდა კიდეც ღვინის ფასსა და განსაკუთრებულობას.
მეღვინეობას რაც შეეხება, ტრადიციულად ზუბში და ოყურეშში 10-12 დღე ტოვებდნენ დურდოზე ღვინოს და მხოლოდ დუღილის დასრულების შემდეგ ხსნიდნენ ჭაჭიდან. უფრო სხეულიანი ღვინის მისაღებად ზოგიერთი ოყურეშელი მევენახე-მეღვინე ორმაგ დურდოზეც აყენებდა ხოლმე წვენს. ლეჩხუმში ხორგოში (რაჭულ საწნახელში) დუღილის დამთავრების შემდეგ როგორც წესი ჭურში უშვებდენ წვენს და მას რამდენიმე მუჭ ჭაჭასაც ამატებენ, თუმცა ოყურეშში ამას არ აკეთებენ, მეტიც, გამოქაჯულ ღვინოსაც არ უმატებენ ე.წ. თავ ღვინოს. ამის გამო ოყურეშის ღვინო ძალზე სხეულიანი და ძლიერი გამოდიოდა და შესაბამისად, კარგად ინახებოდა (1950-იან წლებში 14%-იანი უსახელოურებიც იწარმოებოდა). რა თქმა უნდა იმ დროში იშვიათობა იყო ნახევრადტკბილი უსახელოური, ამ ღვინის გასაყიდად კი ძირითად ბაზარს ქუთაისი, სენაკი, ხონი და ბანძა წარმოადგენდა.
ამ მცირემოსავლიანი ჯიშიდან დაყენებული ღვინო პირველ წელს ჟოლოსფერია, იასამნისფერი რკალით ან შინდისფერი, ლალისფერი, დავარგებასთან ერთად კი ალუბლისფერი ან ძოწისფერი ხდება. ხასიათდება ჩაჭყლეტილი მაყვლის, ჟოლოს მურაბის, მწიფე წითელი ქლიავის, ღოღნაშო, მოცვის, გოგრა ბლის, ტკბილი სანელებლების არომატებით. იშვიათად უსახელოურს მუხაშიც აძველებენ. შედარებით ახალგაზრდა და უმწიფარ უსახელოურებში წიწვოვან და მცენარეულ ტონებსაც ნახავთ. გემოზე კარგადაა შერწყმული მჟავიანობა, ტანინები, სიტკბო და სხეული. არსებობს ელეგანტური და მძლავრი უსახელოურებიც. ხანგრძივი დაბოლოება და დაუვიწყარი გემო ხარისხიანი უსახელოურის მთავარი ნიშანია.